თამარ მეფის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილს უცნობი პირების ჯგუფი თავს დაესხა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ თავდამსხმელები მოულოდნელად გამოჩნდნენ.
"სიმღერ-სიმღერით მოვდიოდით, გააჩერეს [მანქანა], გადმოვიდნენ, დაეტაკნენ ვიღაცას, გახევებული სახეებით, დაიწყეს ხალხის ცემა. გაშველებას ვცდილობდი, დამაგდეს... მეუღლე, ბავშვებთან ერთად, წივილი, კივილი..." - ამბობს მოქალაქე.
ადგილზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მომხდარის გადაღებაც მოასწრო. გავრცელებული ინფორმაციით, აგრესიული პირები ადგილზე ოთხი მანქანით მივიდნენ.
"თამარის ხიდიდან მოვიდნენ, 3-4 მანქანა იყო, აშკარად მოჭიდავეები, სპორტსმენები იყვნენ. გაწეული ვიყავი აქეთ, ჩოჩქოლი რომ დავინახე, მივედი, დავეხმარები-მეთქი, მეც მაგრად მცემა სამმა კაცმა. გაიქცნენ. ჩემს მერე ერთი ისე სცემეს, რომ სასწრაფომ წაიყვანა, მეგონა, მკვდარი იყო, ისე იყო. ნიღბებით არ იყვნენ [თავდამსხმელები], სახეები ჩანდა. ვიდეოებში ნომრები ჩანს, ყველაფერი ჩანს", - ამბობს ფორმულასთან აქციის კიდევ ერთი მონაწილე ნუკრი კაკულია.
ამ დრომდე აქციის მონაწილეებს გმირთა მოედანი აქვთ გადაკეტილი. თავდაპირველად პოლიცია მათ გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა, რადგან ამბობდა, რომ დემონსტრანტების სიმცირის გამო გზის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემდა. შსს-ს თანამშრომლებმა რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.
მოგვიანებით, გმირთა მოედანზე მყოფებს რუსთაველის აქციიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის შემდეგაც გმირთა მოედანი სრულად ჩაიკეტა.