logo
ENG



თამლიანის დედა: სასამართლოზე მოწმეებზე არნახული ზეწოლა ხორციელდებოდა

22 იან 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ დაკავებულ ბესიკ თამლიანის პროცესზე ორი მოწმე დაკითხა ბრალდების მხარემ. დაკითხვის პროცესი ვიდეომასალის გამოკვლევის პარალელურად მიმდინარეობდა. დაკითხული სამართალდამცველები საქმეში დაზარალებულის სტატუსს ატარებენ. მათ დაადასტურეს, რომ თამლიანმა, სამართალდამცველების ფარებს ხელი ორჯერ დაარტყა, რაც მათი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ ის ძალადობაში მონაწილეობდა. დღეს პროცესს თავად ბრალდებული და მისი დედაც ესწრებოდნენ. 

როგორც რუსუდან თამლიანი, ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, პროცესზე პროკურორი მოწმეებზე არნახულ ზეწოლას ახორციელებდა.

„მოწმეებს სიმართლის თქმა უნდოდათ, მაგრამ პროკურორის მხრიდან არნახული ზეწოლა იყო. რკინის ნერვები უნდა გქონოდა, რომ მოგესმინათ. მოწმეს ეუბნებოდა პროკურორი -  გინდა თუ არ თქვი, რომ წითელ მაისურიან მამაკაცს უნდოდა პარლამენტში შესვლა. არადა, კადრში ჩანს, ყველა იმ ქმედების შემდეგ უკან გამოდის. კადრში ჩანს, რომ ჩემი შვილი რუსთაველისკენ არის მიბრუნებული. არადა, პროკურორი ეუბნება მოწმეს თქვი, რომ პარლამენტში შესვლას აპირებდაო. ასეთი ზეწოლით მიმდინარეობს დღეს სასამართლო პროცესი“, აცხადებს რუსუდან თამლიანი.

თამლიანის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების მოწმეებმა დაადასტურეს ის, რასაც დაცვის მხარე ამტკიცებდა.

„ბრალდების მოწმეებმა აღნიშნეს ის, რომ ვერ ნახეს გარდა იმ შემთხვევისა, რომ ფარს ეხება და გაშლილი ხელით ცდილობს ფარის წართმევას, არ უნახავთ თამლიანის მხრიდან სხვა ძალადობა. ისინი ვერ ადასტურებენ, რომ თამლიანს პარლამენტში შეჭრა უნდოდა, რაც ბრალდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეებმაც დაადასტურეს ის, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - აცხადებს იაშვილი.

პროკურორის ვაჟა თოდუას თქმით კი, ერთ-ერთი მოწმე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს წითელმაისურიანი მამაკაცი სხვებთან ერთად პარლამენტში შესვლას ცდილობდა.

„დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე ვიდეო მტკიცებულების თანხლებით, სადაც ჩანს, რომ ბესიკ თამლიანი ახორციელებს პოლიციელის თანამშრომლებზე ძალადობას. ერთ-ერთ პოლიციელის თანამშრომელს ფარი გასტაცა, ხოლო მეორე თანამშრომელს ფარის მიმართულებით რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი სხვებთან ერთად პარლამენტში შესვლას ცდილობდა“, - აცხადებს პროკურორი.

შეგახსნებთ, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებდა, რომ ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სამარტოო საკანში. 

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.

აქციების მიმდინარეობისას გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა - იმდროინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება. გახარია პრემიერ მინისტრად დააწინაურეს, ხოლო მმართველმა გუნდმა და პირადად, მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მისცა. თუმცა, „მაჟორიტარი დეპუტატების ამბოხის“ შედეგად, საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

ამის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები განახლდა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა ქონდათ - არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. ამჟამად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 


close დახურვა