logo
ENG



თანამდებობიდან სკანდალურად წასული ლევან იზორია დღეს ვახტანგ გომელაურმა შეცვალა

19 თებ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

თანამდებობიდან სკანდალურად წასული ლევან იზორია დღეს ვახტანგ გომელაურმა შეცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად დაზვერვის სამსახურის პოსტიც ჩაიბარა, - ამით კი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა გომელაურმა გახარიას კაბინეტში აშკარად გაზარდა საკუთარი გავლენები.

გომელაურსა და გახარიას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ აქამდეც საუბრობდნენ, მას შემდეგ, რაც მათი პოზიციები პანკისის სპეცოპერაციისა და იზორიას ძმის გახმაურებული კადრების თემაზე გაიყო, ახლა კი სპეციალისტები ამბობენ, რომ ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოებას ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დააზარალებს. 

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს დაპირისპირება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაზე აისახება. წესდების თანახმად - პრემიერი საბჭოს თავმჯდომარეა და მდივანს მასთან მჭიდრო კომუნიკაცია ევალება. რაც შეეხება ინსტიტუტის ფუნქციონირებას, ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ორგანო, რომელიც არასოდეს შეკრებილა - მათ შორის ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის რუსული ოკუპაცია და ამერიკა-ირანის კონფლიქტი.

რატომ დანიშნა გახარიამ გომელაური დაპირისპირების მიუხედავად? - ოპოზიციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანიშვილის პირადი კადრია. 2012 წელს ოლიგარქის დაცვის სამსახურსაც ხელმძღვანელობდა. მისი დანიშვნა კი გახარიას გავლენების შესუსტებას ნიშნავს. ოპოზიცია ამ საკადრო გადაწყვეტილებას სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევს ვინაიდან გომელაურის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება - მათ შორის ჩატაევის საქმე და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია.

საბჭო ბიუჯეტიდან 3 მილიონ 200 ათასს ლარს იღებს. ამ თანხიდან უმეტესი ნაწილი, ხელფასებისთვისაა განსაზღვრული - ორ მილიონამდე ლარი. იზორიას მდივნობის პერიოდში საბჭო უფუნქციოდ იყო, რას იზამს გომელაური - ჯერ უცნობია. უცნობია იზორიას ბედიც, თვითონ ამტკიცებს, რომ გერმანიაში ელჩად ინიშნება, თუმცა ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი არ სურთ.


close დახურვა