logo
ENG



თარხნიშვილი: გამოხმაურებები ცხადყოფს, რომ უგულავა პოლიტპატიმარია

13 თებ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის საგანგებო სხდომა გაიმართება. ოპოზიციური პარტიების ლიდერების მთავარი განსახილველი თემა გიგი უგულავას დაკავება იქნება. ისინი ელოდებიან დასკვნას, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერები გიგი უგულავას ადვოკატთან ერთად მოამზადებენ. 

მათი განცხადებით აუცილებელია დადგინდეს მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც უგულავას საქმეშია და სწორედ ევროსასამართლოს უნდა გადაეგზავნოს ყველა ის დარღვევა, რომელიც დედაქალაქის ყოფილი მერის საქმესთან დაკავშირებით არსებობს. 

„დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა გიგი უგულავას ბოლო შემთხვევას, აქ გასარკვევი ბევრი არაფერი არაა. ვნახეთ საერთაშორისო და ადგილობრივი გამოხმაურებები, ყველანი ცალსახად აღიარებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და უგულავა პოლიტპატიმარია. ჩვენ უბრალოდ გვინდა დამატებითი დეტალების მიღება და ამ დეტალებს გიგი უგულავას ადვოკატისგან ბექა ბასილაიასგან მივიღებთ“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მომზადდება დასკვნა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში დასავლელ პარტნიორებთან იქნება გადაგზავნილი.

„გიგი უგულავას დაპატიმრება დარწმუნებულები ვართ, რომ ჯდება ჩარჩოში, მაგრამ ამას სჭირდება სათანადო დასკვნის მომზადება, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება გადაგზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ვიცით, რომ უახლოეს კვირებში შეიძლება მრავალი სხვა პარტიისა თუ კრიტიკული მედიის წარმომადგენელი აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში, როგორც დღეს გიგი უგულავაა“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრა დღეს 14:00 საათზე გაიმართება.


close დახურვა