logo
ENG



თბილისი 7, გურია 1, აჭარა 3... - მაჟორიტარულ ოლქებზე მსჯელობა დაიწყო

10 მარ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი უნდა გაიმართოს. მხარეებმა 30 მაჟორიტარული მანდატი ოლქების მიხედვით უნდა გადაანაწილონ. როდის შედგება შეხვედრა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით დედაქალაქში 7, გურიაში 1, აჭარაში 3, სამეგრელოში 3, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 1 ოლქი იქნება, ხოლო ქუთაისი დაიყოფა ერთ ოლქად და საერთო ჯამში იმერეთში 4 ოლქი იქნება, ოლქების გადანაწილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოლქებთან დაკავშირებით საკითხზე ერთობაა და ინიცირებულ კანონ-პროექტს მაჟორიტარი დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს. ერთადერთი მაჟორიტარი კანდიდატი, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს ეს არის კახა ოქრიაშვილი, კობახიძის განცხადებით ოქრიაშვილთან პარტია ინდივიდუალურ კონსულტაციებს აწარმოებს.

 „კონსტულტაციებში იყო ჩართული ყველა მაჟორიტარი დეპუტატი. გუშინ სპეკულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ოქრიაშვილი არ ესწრებოდა კონსულტაციებს რაც არასწორია. ის ესწრებოდა ამ კონსულტაციებს. რაც შეეხება მათ თანხმობას ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა თანაბრად მისაღები, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, მსხვილი და საშუალო პარტიებისთვის, ასევე იქნებოდა მისაღები ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დოკუმენტის მიხედვით, ოლქებზე შეთანხმება 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

„ვერანაირ კონკრეტულ კონკურენტებს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე როგორ შეიძლება ეს იყოს, მაგრამ შეთანხმებაში დეტალურად არის გაწერილი, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად, 10 დღის განმავლობაში. ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტი, რომ თანაზომადობა უნდა იყოს, ეს არის საკვანძო, ამ დღეებში ეს შეთანხმება უნდა შედგეს და მე იმედი მაქვს რომ შეთანხმება ამ ნაწილშიც იქნება დაცული“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

2020 წლის არჩევნების დროს სულ ჯამში 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება და 30 მაჟორიტარი დეპუტატი შევა ამ სიით პარლამენტში, შეთანხმების მიხედვით კანონის ინიცირება ხვალ უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში ცვლილებების პაკეტის განხილვა ვერ მოესწრება.

 

 

 

 


close დახურვა