logo
ENG



თბილისიდან მარტვილში დაბრუნებულ მონაზვნებს მონასტრის კარები დაკეტილი დახვდათ

02 აპრ 202110:32
3 წუთის საკითხავი
clock 892

1-ლი აპრილის საღამოს, თბილისიდან მარტვილში დაბრუნებულ დედა სოსანას და მორჩილ ნინო გამყრელიძეს მონასტრის კარები დაკეტილი დახვდათ.

ისინი მონასტერში აღარ შეუშვეს. მონაზვნებმა ეპარქიიდან კუთვნილი ნივთების გატანაც ვერ მოახერხეს და კომენდანტის დროს რამდენიმე საათი ღია ცის ქვეშ, წვიმაში გაატარეს. 

მათი გარეთ დარჩენის მიზეზი ეპისკოპოსი სტეფანეს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ისინი მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს და ცოდვების მონანიების მოტივით ლეხაინდრაოს დედათა მონასტერში განაწესეს.

ეპარქიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მათი ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვა, რის შემდეგადაც სამართალდამცავებმა ისინი ლეხაინდროს დედათა მონასტერში გადაიყვანეს.

მარტვილის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის თქმით, ეპარქიიდან მიმიღეს შეტყობინება, რომ მონასტერში შესვლას არაუფლებამოსილი პირები ცდილობდნენ. 

როდესაც მეუფე სტეფანე მათი მონასტრიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებდა, დედა სოსანა, მორჩილ ნინო გამყრელიძესთან ერთად თბილისში, სინოდის წევრებთან და პატრიარქთან შესახვედრად იმყოფებოდა. 

"დღეს მე ვისჯები იმის გამო, რომ ვცხოვრობ საეკლესიო კანონების მიხედვით და გული მტკივა და ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რაც დღეს ეკლესიაში ხდება. ის არის არაკანონიერად დანიშნული მიტროპოლიტი. ის არის ცილიმწამებელი მიტროპოლიტი, ის არის ცრუ მიტროპოლიტი, თავხედი მიტროპოლიტი და მე სახარება მეუბნება, რომ ასეთს არ უნდა დავემორჩილო". თქვა დედა სოსანამ

რამდენიმე დღით ადრე მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა.

ამის შესახებ დედა სოსანამ სხდომაზე გაიგო, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ სპეციალურად ჩაატარა. 

სხდომაზე, რომელიც თავად ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა, ეპისკოპოსმა მონაზონს შეურაცხყოფა მიაყენა, მას "დებილი დედაკაცი" უწოდა. 

მეუფე სტეფანემ დედა სოსანას გათავისუფლების მიზეზად სატელევიზიო სივრცეში გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია დაასახელა. 

ჩანაწერიდან ჩანს, რომ დედა სოსანა უარყოფს განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ​მისამართით გაკეთებულ ბრალდებას, რომ მას გერმანიაში შვილი ყავს.

"საპატრიარქოში სინოდის სახელზე დაწერე, შეიტანე და განიხილოს სინოდმა, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შენი განცხადება არის მისი განხილვისა. შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, შენ მოქმედებ არაკანონიკურად, დედაო, ეს ხომ ფაქტია?!

რას მელაპარაკები, არა გრცხვენია, შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი, დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ. მეუფე პეტრეს დაანებე თავი, დაგღუპა მაგან, შენს თავს მიხედე.

დააყენე რა, ქალო, ეგ ერთი რაღაცა. 

გადაგაყენე მონაზვნის წინამძღვრობიდანგადაგაყენე, დედაო, ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც, მანქანა იქ დატოვე იმიტომ, რომ ის შენი არაა".- უთხრა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება რამდენიმე თვეა, დაძაბულია. 

მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს, საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია დანიშნა, შემდეგ კი - სტეფანე კალაიჯიშვილი. 

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს. 

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

2021 წლის მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა სტეფანემ  პეტრე ცაავასთან დაახლოებულ 2 დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეურჩერა. 

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.


close დახურვა