შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ბაზრობებზე ჩატარებული შემოწმების შედეგად, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, 19 ბიზნეს სუბიექტი დაჯარიმდა.
როგორც ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქედან 12 ბიზნეს სუბიექტი ლილოს ბაზრობაზე ოპერირებს, 1 - დეზერტირების, 2 - ნავთლუღის 3 - დიდუბის, 1 კი, ვარკეთილის.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დავიწყეთ ბაზრების და ბაზრობების შემოწმება. გასულ კვირაში თბილისის მასშტაბით შემოწმდა ფაქტობრივად ყველა ბაზარი, მათ შორის ლილოს, ელიავას, დეზერტირების, ნავთლუღის, დიდუბის, გლდანის, ვარკეთილისა და დიღმის ბაზრობები. მონიტორინგის შედეგად, გარკვეულ სუბიექტებთან ფიქსირდებოდა ხარვეზები და დარღვევები იქნა გამოვლენილი. ამიტომ, ჩვენ იძულებული გავხდით, გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.
ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის ჯარიმა 100 ლარია, 100 000-დან 500 000 ლარამდე ბრუნვის კომპანიებისთვის 600 ლარი, 500 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიისთვის კი, 1000 ლარი.