logo
ENG



თბილისის ბარში კლიენტის ცემისთვის კიდევ ერთი, მე-5 პირი დააკავეს

09 სექ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 
smb3u0turwl476q.jpg

თბილისში მდებარე ბარ Skygirls-ში კლიენტის ცემისთვის კიდევ ერთი, მე-5 პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ორმა ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

მოქალაქე ივიკო ფრუიძის თქმით, თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე Skygirls Bar-ში 22 აგვისტოს დაცვის თანამშრომლებმა სცემეს, ხელი მოსტეხეს და ცხვირი გაუტეხეს.

ფრუიძე იხსენებს, რომ ყველაფერი ბარის "აბსურდული ანგარიშით" დაიწყო, სადაც 5 კოქტეილის ნაცვლად 25 ეწერა, მომსახურების პროცენტის გარდა კი, კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლების აგრესია, ანგარიშის გამო მის მიერ გამოთქმულმა პროტესტმა გამოიწვია.


close დახურვა