logo
ENG



თბილისის ისტორიულ ნაწილში „Bolero & Company“-ს მრავალფუნქციური შენობის აშენება სურს

29 ივლ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

სასტუმრო თბილისის ისტორიულ ნაწილში - მელიქიშვილის გამზირზე ფილარმონიასთან, კომპანია „Bolero & Company​“-ს 7-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის აშენება სურს. სასტუმროს ესკიზებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ იმსჯელა და დადებითად შეაფასა, არადა მერიის არქიტექტურის სამსახურმა მშენებელს პროექტზე ერთხელ უარი უკვე უთხრა.

არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი, რომელიც ათეული წლებია თბილისის არქიტექტურას სწავლობს ამბობს, რომ ქალაქის განაშენიანება ქაოტურად ხდება, რასაც მელიქიშვილის ქუჩის ორივე ზოლზე აშენებული შენობებიც მიუთითებს. 

მელიქიშვილის გამზირი თბილისის ისტორიულ ნაწილს ეკუთვნის, აქ აშენებული ყველა შენობა ძველი ქალაქის იერსახეს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა, მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ თბილისის განვითარების ხედვა არ არსებობს და ქაოტური განაშენიანება ქალაქს ისტორიას ართმევს და ვიზუალურ ხიბლს უკარგავს. 

არ არსებობს ძველი თბილისის განვითარების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდებოდა ყველა ახალი შენობის პარამეტრები და ვიზუალური მხარე. იკომოს საქართველოში ფიქრობენ, რომ ქალაქში დაწყებულ ქაოტური განაშენიანების მოსაწესრიგებლად დედაქალაქის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ნება არ არსებობს, რის გამოც სპეციალურ დოკუმენტს არ იღებენ. 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდის მიხედვით, მელიქიშვილის 5 ნომერში სასტუმროს შენობის ესკიზებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ იმსჯელა და დადებითად შეაფასა. თუმცა, სამშენებლო ნებართვა, როგორც მერიაში ამბობენ, ჯერ გაცემული არ არის ,თუმცა საკითხის განხილვა მუნიციპალურ ორგანოში უახლოეს მომავალში იგეგმება.


close დახურვა