თბილისის მერიის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გაიზრდება დასუფთავების გადასახადი. დაწესებულებების ჩამონათვალში შედის კვების ობიექტები, სასტუმროები, აფთიაქები, საწარმოები და ა.შ.
დადგენილების განმარტებით ბარათში წერია, რომ დედაქალაქში წარმოქმნილი ნარჩენების 69% წარმოადგენს თბილისში განთავსებული იურიდიული პირების მიერ წარმოქნილ ნარჩენს.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ ერთი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების წარმოქნილი ნარჩენები გადაიანგარიშეს და დაადგინეს, რომ 2010 წლიდან დღემდე მისი ოდენობა 25%-მდეა გაზრდილი.
"მატება განპირობებულია ერთის მხრივ იურიდიული პირების მატებით, ხოლო მეორეს მხრივ, მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების ოდენობის მატებით", - წერია განმარტებით ბარათში.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ლილე ლიპარტელიანი ამბობს, რომ ბიზნესს მინიმუმ ორჯერ გაუორმაგდება დასუფთავების გადასახადი.
"მოსახლეობისთვის ტრანსპორტის გაძვირების შემდეგ, თბილისის მთავრობამ და კონკრეტულად, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს უძვირდება დასუფთავების გადასახადი.
კალაძემ მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ბიზნესის სტიმულირებისთვის დახარჯა 4,5 მილიონი და თუ ასე უჭირს, ეს ხომ არათანმიმდევრულობაა. ასეთ პირობებში ბიზნესს უზრდის მოსაკრებელს, ორჯერ მაინც", - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
დასუფთავების მოსაკრებელზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებას დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.