logo
ENG



თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, თუ რატომ გადაიდო გუშინ ჩანიშნული პროცესები

02 დეკ 202015:45
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/pu3fxn1mq9l6lv6.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი საქმეები, მათ შორის, გუშინ ჩანიშნული პროცესები იუსტიციის საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესაბამისად გადადეს. მათივე ცნობით, ეს ეხება საქმეებს, რომლებსაც არ განიხილავენ შემჭიდროვებულ ვადებში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, გადაიდო მიმდინარე სამივე კატეგორიის (სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის) 100-მდე საქმის განხილვა.

ასევე, ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, სასამართლო პროცესის მონაწილეები განხილვაში ჩაერთვებიან დისტანციურად. საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით, მოსამართლეს უფლება მიეცა, საქმე განიხილოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

"დისტანციურად გასამართი პროცესების რაოდენობა საქმეებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე გაიზრდება თითოეულ საქმეში დისტანციურად ჩართული პირების რაოდენობაც. ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს", - განმარტავენ სასამართლოში. 

დღეს, 2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ასევე გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლო პროცესები, რომელთა განხილვაც მომდევნო კვირას უნდა განახლებულიყო, კვლავ გადაიდო. 

სასამართლო პროცესების განახლების შეტყობინება მათ გუშინ, 1-ლ დეკემბერს მიუვიდათ, გადადების შესახებ კი დღეს, 2 დეკემბერს. 


close დახურვა