თბილისის რამდენიმე კლინიკასთან დაკავებული ქირურგის ვახტანგ ყიფიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ყიფიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.
"საექიმო შეცდომის გამო მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ექიმზე სსკ-ს პასუხისმგებლობის დაკისრება, ძირითადად მიდის ადმინისტრაციული ან ფინანასური სასჯელის დაკისრება. ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმის, რომ ექიმი, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი ქმედება, პროფესიული საქმიანობა არც ჰქონდა დაწყებული, ამის გამო მისცენ წინასწარ პატიმრობაში", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ექიმების აქციას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა, რომელმაც პროტესტს "გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციაზე მიმართული" უწოდა.
"ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც პირველივე შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის ფორმას. პროტესტი არასდროს არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის ყოველთვის დიალოგი. მაშინ, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, პროტესტი არის დამანგრეველი და მე ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებზე მიმართული პროტესტი", - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადება თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც გაავრცელა , რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს. მათი თქმით, ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.