თბილისში, გერმანულ დასახლებას, გაქრობა ემუქრება. ღია წერილით ხელისუფლებას სპეციალისტები მიმართავენ და შენობების გადარჩენას თხოვენ.
საუბარია 20-მდე სახლზე, რომელიც თბილისში გერმანელებმა მე-19 საუკუნეში ააშენეს. დასახლება გერმანული არქიტექტურისთვის დამახასიათბელი სტილით გამოირჩევა და წლებია, ძველი თბილისის იერსახის ნაწილს წარმოადგენს. ისტორიულ შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს და შესაძლოა, მათი ადგილი მალე მრავალსართულიანმა კორპუსებმა დაიკავოს.
„ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, რატომ ვიმეტებთ უკვალოდ გასაქრობად აქვე, ჩვენს დედაქალაქში, დიდუბეში არსებულ გერმანულ სოფელს – ალექსანდერსდორფს, სადაც 2015 წლის შემდეგ უკვე 11 გერმანული სახლი დაინგრა და ახლო მომავალში იგივე ბედი ელის დანარჩენ 19 სახლს წყალტუბოსა და სამტრედიის ქუჩებზე. რადგან გერმანული სახლების ნგრევამ შეუქცევადი სახე მიიღო, დახმარებისათვის მივმართეთ თბილისის მერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. გერმანული სახლების ნაცვლად უსახური, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქ ახლაც გრძელდება და ჩვენ თვალწინ ასე უმოწყალოდ, უკვალოდ ქრება თბილისში 1818 წელს დაარსებული გერმანული სოფელი,“ - წერს მიმართვის წერილში არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი და ალექსანდერსდორფის გერმანული დასახლების გადასარჩენად, დიდუბეში შემორჩენილი სახლებისათვის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
სამტრედიის ქუჩის 26 ნომერში 30-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ამ ეზოში გერმანულ სოფელ ალექსანდერსდოფის კვალი თითქმის წაშლილია, თუმცა მცხოვრებლები ამბობენ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე ადრე სკოლა იყო, რომელიც 1938 წელს დაუნგრევიათ. სკოლის ერთი კედელი დღემდე შემორჩენილია. ამავე ეზოში კრამიტით გადახურული ორი გერმანული სტილის 19 საუკუნით დათარიღებული სახლიც დგას.
„ფორმულასთან“ საუბარში სპეციალისტები ამბობენ, რომ დიდუბეში მდგომარეობა მძიმეა და სამტრედიისა და წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე სახლების გადაუდებელი სარესტავრაციო აღდგენითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.