logo
ENG



თბილისში, დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო

24 იან 202411:00
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მაია კაკიაშვილის ოჯახის გამოსახლება დღეს აღარ იგეგმება. ფორმულას ინფორმაციით, აღსრულების ბიურომ გადაწყვეტილება გადადო და მიზეზი ისაა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს. აღსრულების ბიურომ მათ რამდენიმეთვიანი ვადა მისცა, რათა სესხის გადახდა შეძლონ.

რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, დილიდან საცხოვრებელ კორპუსთან მოქალაქეები და აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კაკიაშვილების ოჯახის ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.

"დაიწყო ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის უკან, თუმცა ამ კონკრეტულ გამსესხებელთან ურთიერთობა მაქვს 2016 წლიდან. 16 ათასიდან დაფარული მაქვს 4 ათასზე ცოტა მეტი. 6 ათასი ევრო არის ძალიან საეჭვოდ გამქრალი, რომელიც გავატანე შუამავლებს და არ ჩანან", - ამბობს მაია კაკიაშვილი, რომელიც თანხის სრულად დაფარვასა და მისთვის ჩვეულ გარემოში დარჩენას ითხოვს.

გუშინ, 23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა. 


close დახურვა