logo
ENG



თბილისში, ფონიჭალასა და გარდაბანში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს

17 ოქტ 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
3vptmpxf0nyny4j.jpg

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში ედებათ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 20 ათას 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26,2 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13700 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 23,1 კილოგრამი „მდმა“ 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.


close დახურვა