თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. როგორც ცნობილია, კონფერენცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია АГЕНСТВО ავრცელებს.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია, ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან 2 ქართული და 1 რუსული ორგანიზაცია - ევრაზიის ინსტიტუტი, SIKHA Foundation და კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი НИИКР. ამ ეტაპზე, კონფერენციის ადგილს ორგანიზატორები არ ასაჯაროვებენ.
კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რუსულ მედიასთან საუბრისას ადასტურებს, რომ კონფერენცია 22 აპრილს თბილისში იმართება, თუმცა სხვა დეტალების გასაჯაროებაზე უარს ამბობს.
ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა იქნება "ტრადიციული ღირებელებები, როგორც ერთა დაახლოების ფაქტორი“. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ვალენტინა კომლევა, პოლიტ-ტექნოლოგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი, ალექსანდრ იაკოვლევი.
კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი НИИКР 2020 წელს დაარსდა. ინსტიტუტის დამფუძნებლებს შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი, რომელიც სხვადასხვა წლებში КГБ-ის ყოფილი რეზიდენტი იყო კოპენჰაგენში. ამასთან, ის ხელმძღვანელობდა კომიტეტის 3-ე განყოფილებას, ამ პოსტზე გრიბინის პასუხიმსგებლობის ზონაში შედიოდა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სკანდინავიის ქვეყნები. რუსეთის სპეცსამსახურების ისტორიის ვებგვერდის მიხედვით, გრიბინი ასევე ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის აკადემიასაც.
ინსტიტუტის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი ირინა ზავესნიცკაიაა. არსებული ინფორმაციით, ზავესნიცკაია НИИКР-ის დირექტორის, ვლადისლავ გასუმიანოვის მისამართზეა დარეგისტრირებული. გასუმიანოვის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 1982-2001 წლებში ის მსახურობდა КГБ-ს, CВР-სა და ФСБ-ში. ამასთან, ის მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში, სადაც უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონალური და კულტურული კავშირების განყოფილების დირექტორის მოადგილე იყო.