logo
ENG



თბილისში დაგეგმილ სადავო მშენებლობებს კენჭი უყარეს - განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს

25 აგვ 202318:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/25/3dx5olb0nrq7gzz.jpg

თბილისში დაგეგმილ სადავო მშენებლობებს კენჭი უყარეს და განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები, რომლებზეც საშვი იყო დაშვებული. ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს, რატომ არ უშვებენ მოქალაქეებს დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ასე უპასუხა: "საშვი იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია დასწრება ის, ვინც არღვევს წესს".

საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი.

პროექტებს შორის იყო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს ამ მშენებლობებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, კონკრეტული პროექტები ქალაქს საფრთხეს უქმნიან.

***

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით ოცნების დეპუტატი გოჩა ენუქიძე 40-სართულიანი ცათამბჯენის აშენების ნებართვას ითხოვს.

თბილისის გენგეგმით, ამ ადგილზე მსგავსი ტიპის მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება აკრძალულია. ენუქიძის კომპანიამ საკრებულოს მიმართა თხოვნით, ამ ადგილს შეეცვალოს მინიჭებული ზონა და ტერიტორიაზე ცათამბჯენის აშენება შეძლონ, რომელსაც სასტუმროს სტატუსი ექნება.

რაც შეეხება ლაგუნა ვერეს ტერიტორიას, აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ქართუ ფონდმა ლაგუნა ვერე გაყიდა. 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.


close დახურვა