logo
ENG



თბილისში ვაქცინაციის მობილური ცენტრები ამოქმედდება

27 აგვ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში ვაქცინაციის მობილური ცენტრები იმუშავებს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს არის სპეციალური ავტობუსი, სადაც მოქალაქეები კუთვნილ ვაქცინას და უსაფრთხო მომსახურებას მიიღებენ.

თბილისის ტერიტორიაზე სამი ავტობუსი განთავსდა - ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის ტერიტორიაზე. ჯამში კი დაგეგმილია, რომ მსგავსი ათი მობილური ცენტრი მოეწყოს.

"ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა უკვე, ევროპაში გახლავთ ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო ვაქცინაციის პუნქტებისთვის", - აღნიშნა ტიკარაძემ.

ვაქცინაზე მისული მოქალაქე რეგისტრაციას ადგილზევე გაივლის და საჭიროების შემთვევაში სამედიცინო დახმარებასაც მიიღებს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელი ამბობს, რომ მობილური ცენტრები რამდენიმე დღე საპილოტედ იმუშავებს და მოსალოდნელია, რომ დღეში თითოეულმა ავტობუსმა, დაახლოებით 150 აცრა გააკეთოს. 

"სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ [ვაქცინაციის] ტემპი არ დაგვივარდეს. სადღაც სექტემბერში თუ ჩვენ 800-900 ათასი და უკეთესია მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას", - აღნიშნავს გამყრელიძე. 


close დახურვა