შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.