logo
ENG



თბილისში ლატვიელი პროფესორი ტაქსის მძღოლმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა

11 აპრ 202213:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დენის სჩეულოვსი და მისი თანმხლები პირი ტაქსის მძღოლმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ტაქსის მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უწყებაში დამატებით კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

პროფესორის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ოთო აბესაძემ გაავრცელა.

"დღეს, 11 აპრილს, დილის 5 საათზე ჩამოფრინდა საქართველოში.
მან და მისმა თანმხლებმა პირმა აეროპორტში გამოიძახეს ტაქსი სასტუმროში ტრანსფერისთვის. ტაქსის მძღოლმა თბილისში სასტუმროსთან ღირებულების ნაცვლად (23 ლარი) მოსთხოვა 195 ლარი. გაპროტესტების შემდეგ წაიყვანა საქმის გასარჩევად ვითომ აეროპორტის პოლიციაში და სინამდვლილეში გომბორის მთაზე.

როდესაც პროფესორმა ნახა, რომ მძღოლი გასცდა აეროპორტის გზას, ჩემს ოჯახის წევრს გამოუგზავნა ტაქსის ნომერი და შეტყობინება, რომ იგი არის გატაცებული.

შემდეგ გომბორის მთაზე მძღოლმა თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 500 ლარი, რაც თავისთავად ვერ მიიღო და მგზავრები დატოვა გომბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანიდან გადმოსვლისას იყო ინციდენტი, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო პროფესორის თანმხლებმა პირმა. მომენტალურად შევატყობინეთ პოლიციას. პროფესორი და მისი თანმხლები პირი ეხლაც არიან გამოკითხვაზე", - ყვება აბესაძე.

ფორმულა დამატებით ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა