შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელი დაჭრეს. მათი ცნობით, დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
მათივე ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული სადახლოს გამშვებ პუნქტთან დააკავეს, რა დროსაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.