თბილისში რუსული სანქცირებული კომპანიის ვაგონებია გაჩერებული. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ვასილ ურუშაძემ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს საწვავის ავზები, წარწერით როსნეფტი.
ურუშაძის თქმით, ეს კომპანია არის მრავალგზის სანქცირებული და უკრაინის ომის პირდაპირი დონორი.
"დღისით მზისით, თბილისში დგას სარკინიგზო ვაგონები, რომელსაც პირდაპირ, დიდი ასოებით აწერია რუსული სახელმწიფო კომპანიის - როსნეფტის სახელწოდება და რომელიც არის სანქცირებული. საქართველოში ეს ტვირთი და ეს მოძრავი შემადგენლობა შეფერხების გარეშე გადაადგილდება. ეს არის დღეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ამოცანა, რომ მათ შეასრულონ კრემლის და პუტინის დავალებები", - ამბობს ურუშაძე ფორმულასთან საუბარში.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისში რუსული სანქცირებული კომპანიის ვაგონები შენიშნეს. 25 მარტს, შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსული სანქცირებული საწვავი შემოდის. შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. საბუთებით დგინდება, რომ ნავთობის შემოტანას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი განაგებს. გარდა ამისა, შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა თბილისის მახარისხებელ სადგურში სანქცირებული საწვავით დატვირთული მატარებელიც გადაიღო.
მოგვიანებით, 13 მაისს შაბათის ფორმულამ გაარკვია ისიც, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული დიზელი შემომაქვთ და პროცესს ისევე როგორც პირველ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ლობირებს.