თბილისში პეკინის ქუჩაზე უცხო ადამიანები არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს, სავარაუდოდ, სიძულვილის მოტივით, თავს დაესხნენ, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონი გაუტეხეს, ხელჩანთა და საფულე კი მოპარეს.
ტრანსგენდერი აქტივისტის, მადონა კიპაროიძის თქმით, თავდასხმა სიძულვილის მოტივით მოხდა - მისი თქმით, ტრანსგენდერ გოგოს უცხო პირები მაღაზიასთან საკმაო ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ კი მას თავს დაესხნენ.
"სცემეს მუცლის და ნეკნების მიდამოებში, წიხლები ურტყეს", - ყვება აქტივისტი ფორმულასთან, - "ტიპური ტრანსფობიური და ჰომოფობიური ძალადობა იყო".
კიპაროიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღეს და მალევე შეძლეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება.
საქმეს შსს 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.