logo
ENG



თეთრი პერანგები, პროვოკატორები, გისოსები - რა არ უნდა გამოგვრჩეს კობახიძის ბრიფინგიდან

30 სექ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
idyenozg257uh9g.jpg

გახშირებული წინასაარჩევნო დაპირისპირებების "ოპოზიციის პროვოკაციად" მოსახსენიებლად, დღეს, 30 სექტემბერს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართა. 

თითქმის 3-წუთიან გამოსვლაში მან სიტყვა "პროვოკაცია" 11-ჯერ ახსენა და "პროფესიონალი პროვოკატორები" დაასახელა. 

გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს კობახიძის დღევანდელი ბრიფინგიდან:

"საარჩევნო პროვოკატორებზე":

"რადიკალურმა ოპოზიციამ მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა. კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი მარნეულის შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს და მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით, ჩვენი გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ."

კახა ოქრიაშვილზე:

"მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტები. ამან კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ მისი ჩამოშორებით ჩვენმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

თეთრ პერანგებზე:

"ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერი, კერძოდ 4 ადამიანი, სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდნენ ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. ჩვენი მხარდამჭერები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული, რომ არცერთ უმძიმეს პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. იქ არ მოხდა არცერთი ინციდენტი ... მელიას მხარდამჭერებს თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ კვალი დატყობოდათ ინციდენტისგან, რომელიც მათი გათვლით უნდა მომხდარიყო. საღამოს ისინი სხვა ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი."

ძალადობის გაუმართლებლობაზე:

"არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ. მესმის, რომ მძიმეა და რთულია, მაგრამ აქაც ყველას მართებს მოთმინება."

"გისოსებს მიღმა" აღმოჩენაზე:

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკვე ვიხილავთ  ადამიანებს გისოსებს მიღმა. [...] ამ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება პროვოკაციები, ამაში დარწმუნებული ვართ. დამძიმდება კიდეც უფრო მეტად".

საკუთარ მოღვაწეობაზე:

ბრიფინგის მიწურულს ჟურნალისტის კითხვაზე, "როგორც მესაჭე", როგორ შეაფასებდა მის საპარლამენტო საქმიანობას, ირაკლი კობახიძე მოკლედ, ორი სიტყვით პასუხობს: "წარმატებულად, მადლობა".


close დახურვა