თეთრი სახლის ცნობით, რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ადამ ჰოჯის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა.
"ჩვენი რწმენით, ეს კოორდინირებული ძალისხმევაა, რათა შავ ზღვაში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმა გაამართლონ და ეს თავდასხმები უკრაინას დააბრალონ" - განაცხადა ჰოჯმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილება.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი შავი ზღვის მიმდებარედ მარცვლეულის ინფრასტრუქტურის გარდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმასაც გეგმავს, ამ შემთხვევაში საზღვაო ნაღმებით.
"შავ ზღვაში ამ კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, ჩვენ უკვე შევნიშნეთ, რომ რუსეთი 18 და 19 ივლისს ოდესაში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს რაკეტებითა და დრონებით დაუპირისპირდა, რამაც აგრიკულტურული ინფრასტრუქტურის ნგრევა და 60 000 ტონა მარცვლეულის განადგურება გამოიწვია" - განაცხადა ადამ ჰოჯმა.
17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.
19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.