logo
ENG



თეთრი სახლი ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეჭვების გაქარწყლებას ცდილობს

09 ივლ 202411:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/beakb0u0f2u1a53.png

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ჯო ბაიდენს რაიმე ისეთი დაავადება აქვს, რომელიც მას საქმიანობაში ხელს შეუშლის. 

თეთრ სახლს ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვა მას შემდეგ დასჭირდა, რაც გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულის ჩათვლით, თეთრ სახლში  პარკინსონის დაავადების სპეციალისტი, ნევროლოგი კევინ კანარდი რვაჯერ იმყოფებოდა.

8 ივლისს, ჟურნალისტებმა ამ ვიზიტების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანს, კარინ ჟან-პიერის ბრიფინგზე არაერთი შეკითხვა დაუსვეს. მან უარყო, რომ პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება აქვს. მისივე განცხადებით, ბაიდენს ამ დაავადების გამო არც ადრე უმკურნალია, არც ახლა მკურნალობენ და არც რაიმე მედიკამენტს იღებს.

თეთრ სახლში მედიის მიერ გავრცელებული ცნობაც უარყვეს, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეები NATO-ს სამიტის წინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ. 

პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება 27 ივნისის შემდეგ გაიზარდა, როცა ჯო ბაიდენს წარუმატებელი ტელედებატები ჰქონდა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მეტოქესთან, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან.

ამასთან, გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ბაიდენმა შესაძლოა, კანდიდატურა მოხსნას, თუმცა თავად პრეზიდენტმა ეს გამორიცხა.

"თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა", - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს იმ შემთხვევაში, თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

 

 


close დახურვა