თეთრი სახლის წინ მდებარე ქუჩას ვაშინგტონის მერმა სახელი გადაარქვა და „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ უწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიმავალ გზაზე საპროტესტო მსვლელობების მთავარი ლოზუნგის შემცველი გიგანტური წარწერაც გაჩნდა. დედაქალაქის მერმა დონალდ ტრამპს წერილიც მისწერა და ვაშინგტონიდან სამხედროების გაყვანა მოსთხოვა.
დემოკრატ მიურიელ ბოუზერს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში უპასუხა და მერი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი დედაქალაქში ფედერალური ძალების დამატებითი ქვედანაყოფის შეყვანითაც დაიმუქრა. მანამდე ტრამპმა პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდი ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ახსენა.
ტრამპის განცხადებას მკაცრად გააკრიტიკა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარსადგენად საჭირო დელეგატების რაოდენობა უკვე მოაგროვა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყნის ლიდერის პოზიციას გულის ამრევი უწოდა.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯის მოთხოვნით აქციები შეერთებულ შტატებში უკვე 11 დღეა იმართება. მინეაპოლისში, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკავების ის მეთოდი აკრძალეს, რომელსაც 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცი ემსხვერპლა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კალიფორნიის გუბერნატორმაც.
საპროტესტო მსვლელობები შეერთებულ შტატებში მომდევნო დღეებშიცაა დაგეგმილი. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ NBA-ს ლეგენდა მაიკლ ჯორდანი რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლის მიზნით 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხა ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაეცემათ.