logo
ENG



თელავში ელენე ხოშტარია დააკავეს

20 მაი 202316:48
3 წუთის საკითხავი
 

თელავში მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.

მოძრაობა დროას წევრის, თამთა გოგოლაძის ინფორმაციით, ის თელავის  პოლიციასთან დააკავეს.

გოგოლაძის ინფორმაციით, დროას წევრები თელავის პოლიციასთან იმყოფებოდნენ, სადაც ყვარელში აქციაზე დაკავებულები ჰყავთ. მისი თქმით, ადვოკატებს პოლიციის შენობაში არ უშვებდნენ. 
 
"2 საათია ვდგავართ ადვოკატებთან ერთად და არ უშვებენ ადვოკატებს.
არც გვეუბნებიან ვინ ყავთ აქ შემოყვანილო. ეხლა ვიღაც უფროსი მოვარდა და გამოგვყარა შენობიდან ყვირილით." -  წერს თამთა გოგოლაძე. 
 
 

დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. 

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები. 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი, დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი, რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი, ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. 

 

close დახურვა