logo
ENG



თემურ ჭყონია: გვჭირდება რადიკალური ცვლილებები

02 დეკ 202019:24
3 წუთის საკითხავი
clock 1644

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საქართველოში ინვესტორების შემოსაყვანად რადიკალური ცვლილებებია საჭირო, რაც უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საგადახადო პოლიტიკაში უნდა გამოიხატოს.

„ინვესტორების შემოყვანა თუ გვინდა ტრაბახი და მლიქვნელობა არ არის საჭირო, უნდა შეიქმნას არაჩვეულებრივი საგადასახადო შეთავაზება, რომელსაც სხვა ვერც ერთი ქვეყანა ვერ შესთავაზებს. საინვესტიციო პროგრამა უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული, არ უნდა იყოს შეშინებული პროგრამა, რადგან გადასახადისგან გათავისუფლება არ ნიშნავს ადამიანების დაჩაგვრას, ან ბიუჯეტში ხელის ფათურს. ეს ნიშნავს წარმატების დაწყებას: ადამიანები იწყებენ თავისუფლად აზროვნებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას, იზრდება შრომის ბაზარი,“ - განაცხადა ბიზნესმენმა „ფორმულას“ ეთერში.

გადაცემაში „ბიზნესი Bloomberg-თან ერთად“ თემურ ჭყონიამ მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ხარჯები უნდა განახევრდეს, ეკონომიკის შემცირების თანაზომიერად.

„ის ხარჯები რაც დღეს არსებობს სახელმწიფოს მართვისთვის, ჩვენ, მოქალაქეებს არ გვჭირდება. თუ ეკონომიკა ჩერდება, მართვის მექანიზმებიც უნდა შემცირდეს. უნდა ვხედავდეთ, როგორ ამცირებს სახელმწიფო ამ უშველებელ აპარატს. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს პატივისცემა იმ ბიუროკრატიული აპარატისგან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვინახავთ და არც გვეკითხებიან, ისე იზრდება ხელფასები, პრემიები, სტრუქტურები. როცა პრობლემაა, არის ორი საკითხი - ან სტრუქტურა არ ვარგა, ან ხალხი. ჩვენს შემთხვევაში არც ერთი არ ვარგა. ჩვენ რადიკალური ცვლილებები გვჭიდება,“ - განმარტა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით სააგდასახადო სისტემების იმგვარად გადალაგება, რომ ადამიანებს თუ კომპანიებს ოპტიმიზმის იმედი გაუჩნდეთ, შესაძლებელია. ამ კონტექსტში თემურ ჭყონიამ ბიუროკრატიულ აპარატში შემავალი სსიპ-ები, არაეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობები და გუბერნატორებიც მოიხსენია, როგორც არააუცილებელი რგოლი, რაზეც სახელმწიფო ხარჯების დაზოგვა შესაძლებელია.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას შეუძლია ორი თვის შემდეგ მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოს ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, თუ მთავრობა ახლავე დაიწყებს ზრუნვას ინვესტორებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებაზე, თუმცა ამის მნიშნველოვანი წინაპირობა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საგადასახადო შეღავათები უნდა გახდეს.


close დახურვა