logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: ბათუმში ექიმებმა ოზონოთერაპია გამოიყენეს და 4-დან 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა

25 აპრ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

თენგიზ ცერცვაძემ საუნივერსიტეტო კილიკაში ექიმების შეკრების მიზეზებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა თემას, მათ შორის მედიკამენტებს, რითაც ვირუსს მკურნალობენ. აღსანიშნავია, რომ ცალკეულმა ქართულმა კლინიკებმა გამოიყენეს მეთოდები, რაც წარმატებული აღმოჩნდა. 

"იყო საუბარი პლაქველინზე. ანუ ის ენიშნება საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მედიკამენტზე ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება, ისევე როგორც სხვებზე, მაგრამ სანამ ის ოფიციალურად პროტოკოლშია გათვალისწინებული, დარჩება. გარდა ამისა, იყო საუბარი ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რასაც ცალკეული ქართული კლინიკები იყენებენ. მაგალითად, ბათუმში ექიმებმა ოზონოთერაპია გამოიყენეს და წინასწარი მონაცემებით, 4-დან 3 პაციენტს გაუქრა ვირუსი მე-6 და მე-7 დღეს. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ორგანიზმში", - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე. 

რაც შეეხება მარინა ეზუგბაიას განცხადებას აგრესიული ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით, ცერცვაძის თქმით, ამას ვერ შეაფასებს, თუმცა ტესტირების ჩატარება აუცილებელია.

"არ ვიცი, ეზუგბაიამ რა იგულისხმა. არ მომისმენია და მან დიდი ალბათობით იგულისხმა ის, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით წასვლას. ამ შემთხვევაში არც აგრესიული ტესტირების ჩატარება იქნება საჭირო. ჯერ პიკს უნდა მივაღწიოთ და შემდეგ წავა დაღმავალი გზით. ამის შემდეგ კი მოგვიწევს ვირუსთან კოჰაბიტაცია", - აცხადებს ცერცვაძე. 

მისივე თქმით, საგანგებო რეჟიმი უნდა შემსუბუქდეს და ქვეყანამ უნდა შეძლოს  ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა, თუმცა  ამ პირობებში  დაინფიცირების რისკიც იზრდება.

"ამ პირობებში მასობრივი ტესტირება იქნება სასარგებლო, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს კოჰაბიტაცია-თანაცხოვრება ამ ვირუსთან. კოვიდის ცალკეული ათეული შემთხვევა იქნება და მან არ უნდა გამოიწვიოს ათასეული შემთხვევები", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 


close დახურვა