ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თებერვალში ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა და ამას "კურიოზულ შემთხვევას" უწოდებს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ცერცვაძე ამბობს, რომ სასამართლოში ჩივილის მიზეზი საავადმყოფოში სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონა გახდა.
"თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით", - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, 20 აგვისტოდან კლინიკამ კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.
"ვადასტურებთ, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა კოვიდ-19-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თბილისის ინფექციურ კლინიკას კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს, არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
"რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი", - აცხადებს ცერცვაძე.