საქართველოს საპატრიარქო მრევლისთვის სახლებში დარჩენის მოწოდებას არ აპირებს, თუმცა ცალკეული ეპარქიების ხელმძღვანელები გადაწყვეტილებებს უკვე თავად იღებენ. ზოგიერთმა მეუფემ საკუთარ მრევლს უკვე მიმართა, რომ აღდგომის ღამეს ტაძრებში არ მივიდნენ და სახლში ილოცონ.
აღდგომის წირვასთან დაკავშირებით, განმარტება გაავრცელა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, წირვა ღამისთევით ჩატარდება მრევლის გარეშე, მათ წირვაზე დასწრება დილის 7:00 საათიდან შეეძლებათ.
„ჩვენთან არის დიდი სივრცე და ჩვენ ვატარებთ ღია ცის ქვეშ, ამიტომ ვთხოვთ ყველას, ვინც არის მოხუცი ადამიანი, ეზიარონ ხვალ დილით მშვიდად, წყნარად. ბრწყინვალე შვიდეულში ჩვენს ტაძარში ყოველდღე იქნება წირვა, როგორც ახლა არის ტაძარში. შეუძლიათ ეზიარონ ბრწყივნალე შვიდეულში. ჩვენთან იქნება ჩართული გახმოვანება და იქნება ონლაინ რეჟიმი, ვისაც სურს, რომ მოუსმინოს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.
სააღდგომო წირვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა თეოდორე გიგნაძე. მისი განცხადებით, ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება.
თეოლოგების შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა, რა დროს ჩატარდება წირვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მსახურება ეკლესიებში.
„იმის მაგივრად, რომ საპატრიარქოს მსახურება შეემოკლებინა, თუ მაინც და მაინც უნდოდათ ხალხთან ერთად ეზეიმათ აღდგომა, მივიღეთ სამმაგად უფრო ხანგრძლივი თავყრილობა ტაძარში, ერთ სივრცეში. სახელმწიფოს ბრიყვული აკრძალვების გამო ადამიანებს მოუწევთ 21:00 საათიდან 6 საათამდე ერთ სივრცეში ყოფნა“, - განაცხადა მირიან გამრეკელაშვილმა.
ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიის წინაშე - ასე აფასებს თეოლოგების ნაწილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საპატრიარქოსთან მიმართებით. მათი თქმით, ამ ვითარებაში კარგი იქნებოდა, თუ პატრიარქი მრევლს კურთხევას მისცემდა, რათა ისინი სახლში დარჩენილიყვნენ.
„რა თქმა უნდა, გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ მაინც უკეთესი იყო, კატეგორიულად განეცხადებინათ, რომ მსახურება იქნება ღამით, ჩავატარებთ სასულიერო პირები, მაგრამ არავინ არ მოხვალთ. ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, რომ გამობრძანებულიყო პატრიარქი და ეთქვა, რომ გაძლევთ ყველას სახლში დარჩენის კურთხევას. ხელისუფლება დამარცხებულია ეკლესიის წინაშე და ის, რაც წერია კონსტიტუციაში, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, დარჩა სიტყვებად“, - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, პატრიარქი კი სამებაში 23:00 საათზე მივა.