logo
ENG



თეოლოგების შეფასებით, ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილება დისკრიმინაციულია

23 მაი 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყის მასივების გადაცემას ითვალისწინებს, ხელისუფლების უმწვავესი კრიტიკის საფუძველი ხდება. საქართველოში მოქმედი სხვა კონფესიები დისკრიმინაციაზე საუბრობენ. თეოლოგები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ეკლესიის ტყვეობაშია. მათთვის მიუღებელია ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ქონებრივი წახალისების გზით ცდილობს რელიგიურ ინსტიტუციასთან ურთიერთობის დალაგებას.

განსხვავებული აღმსარებლობის წარმომადგენლები კანონს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციების საქმინობაში ერევა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოხელეებმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

„მე არ ვფიქრობ, რომ სხელმწიფო ასეთი ძალით უნდა ერეოდეს რელიგიურ ორგანიზაციის განვითარებაში. რელიგიური ორგანიზაცია დამყარებულია თავის რწმენაზე, ჰყავს მრევლი და საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს ქვეყანაში დამკვიდრება, ხოლო ის ტენდეცია, რომ თითქოს მართლმადიდებელი ინსტიტუცია არის განსაკუთრებული და ამას ანიჭებენ სახელმწიფო მოხელეები თავიანთ ინტერპრეტაციას, ეს არ არის სწორი. სახელმწიფო მოხელეებს აქვთ კონსტიტუცია და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედონ, რაც შეეხება პირად რწმენას, ეს მათი პირადი რწმენაა და შეუძლიათ თვლიდნენ ისე, როგორც მათ სურთ საკუთარ გარემოში“, - აცხადებს ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელი.

კანონის დისკრიმინაციულობაზე თეოლოგებიც საუბრობენ. მათი თქმით,  წარმოუდგენელია რომელიმე გლეხმა იმავე პირობებით ისარგებლოს, რითაც საპატრიარქომ ისარგებლა.

„ეს კანონი, პრაქტიკულად, განწირულია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღიაროს დისკრიმინაციად. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი დისკრიმინაციის მომენტი არის მოსახლეობის მიმართ, იმიტომ რომ ასეთი შეღავათიანი პრიობებით შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე გლეხი ისარგებლებს. ეკლესიის სურვილი რა არის, ვიცით - უნდათ მეტი პოლიტიკური და ქონებრივი რესურსის დაგროვება, სახელმწიფოს რატომ აქვს ასეთი სურვილი? “, - სვამს კითხვას არჩილ მეტრეველი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლებას აძლევს, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.


close დახურვა