logo
ENG



თესეა - ფორმულას მაყურებელი დღეს ახალი სერიალის პირველ ეპიზოდს იხილავს

03 ივლ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი სიახლე და ერთდროულად საჩუქარი „ფორმულას" მაყურებელს - სერიალის შემქმნელები ამბობენ, რომ „თესეა" ქართულ ტელესივრცეში ახალი სიტყვა იქნება.

სერიალში გმირები მთავარი ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის სხვადასხვა ფორმით იბრძვიან. თესეას პირველი სერია ეთერში დღეს, - „ჩემი ცოლის დაქალების" დასრულებისთანავე გავა.

გადამღები ჯგუფი პრემიერამდე დეტალების გამხელისგან მაქსიმალურად იკავებს თავს, თუმცა ამბობს, რომ ტელე-სერიალს განსაკუთრებული საიდუმლოება არ აქვს. მთავარი გმირი პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო საცხოვრებლად ბებიასთან, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. სწორედ თესეაში გადაწყვეტს ზურა ჯავახიას პერსონაჟი, ბავშვობის ოცნება აისრულოს, გახდეს რეჟისორი და ადგილობრივ თეატრში „ვეფხისტყაოსანი" მიუზიკლის სახით დადგას.

გზა მიზნამდე რთული და დაპირისპირებით სავსეა. ახალგაზრდა რეჟისორის იდეას საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება. ბრძოლა ჩანაფიქრის განსახორციელებლად კი სისტემის წინააღმდეგ აჯანყებას მოითხოვს.

„ის რაც გეჩვენება კომფორტის ზონად, ხშირად ადამიანის პირველი მტერია"- ამბობს სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი. სერიალში მოთხრობილი ადამიანური ურთიერთობები, ემოციები და გრძნობები იმდენად რეალურია, რომ მაყურებელს ყოველი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ პრობლემებსა თუ ფასეულობებზე განსხვავებული კუთხით დაფიქრება მოუწევს.

პირველი ეპიზოდის გადაღება "ფორმულა კრეატივმა" რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ის 12 სერიას მოიცავს. შემოქმედებითმა გუნდმა ზუსტად იცის, რას უნდა ელოდოს მაყურებელი: ეს სიახლეებით სავსე, მაღალი ხარისხის პროდუქტია.

ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლება და სხვა სამყაროში მოგზაურობა სურთ, ტელეკომპანია ფორმულა საუკეთესო საშუალებას სთავაზობს. ერთი წლის წინ დაწყებული პროექტის პირველ შედეგს მაყურებელი პირველად დღეს იხილავს. პარასკევს, შაბათსა და კვირას ჩემი ცოლის დასრულებისთანავე „ფორმულას“ ეთერში „თესეას“ დრო დგება.


close დახურვა