ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და მიმართულებები, რომლის წარდგენასაც ცალკეული სამინისტროები ახდენენ, ქვეყანას კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში ვერ დაეხმარება. ოპოზიციაში იმ ნაბიჯებზე საუბრობენ, რაც მათი შეფასებით, კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელია, მათ შორის საგადასახადო წნეხის შემსუბუქებასა და საპენსიო ფონდიდან თანხების დაბრუნებაზე.
„აუცილებელია საგადასახადო ტვირთის დაწევა. ჩვენ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი საშემოსავლოს განულება პირველი 4 თვე, ქონების გადასახადის განულება, დღგ-ს გადაკეთება, გაყიდვის გადასახადის და აქციზის დაწევა. ამ ტვირთის შემცირება მარტო მეწარმეებს და ბიზნესმენებს კი არა ეხება, არამედ ყველა ადამიანს, ვინც დასაქმებული იყო. თუ ამ თვალსაზრისით არ გადაიდგა ნაბიჯები ვერ გამოვალთ დიდი ხანი ამ კრიზისიდან და უამრავ ოჯახს შეექმნება ტრაგიკული პრობლემები შემოსავლის და შიმშილის. ჩვენი გუნდი აპირებს კამპანიის დაწყებას საპენსიო ფონდთან დაკავშირებით. ეს არის ყველას ფული და ამ უტიფარ პასუხს საზოგადოება არ მიიღებს, რატომ არ აძლევენ დღევანდელი გაჭირვების დროს ამ ფულის დაბრუნების შანსს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას დისკრიმინაციულს უწოდებს.
„თვითდასაქმებულთა მხარდაჭერის მთავრობის პროგრამა არის დისკრიმინაციული, ადამიანებს ყოფს ორ კატეგორიად - სოფლელებად და ქალაქელებად. სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80%-მდე, შეადგენენ თვითდასაქმებულთა მთავარ ფენას და მთლიანად არის დავიწყებული ხელისუფლების მიერ ეს ხალხი. ხოლო იმათ ვისაც აძლევენ, ასევე დიკსრიმინაციული მიდგომაა, იყოფიან საბუთებიანად და უსაბუთოებად. ვინც რაღაც ბიუროკრატიულ ცნობას წარმოადგენს, მას გაეწევა დახმარება, ვინც ვერა, ის დახმარების გარეშე რჩება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციაში ასევე არ გამორიცხავენ, ეს სქემა კორუფციის წყარო გახდეს. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას თქმით, თუ იურიდიული პირების შემთხვევაში დამსაქმებელზე და მის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული, რა საკითხებს წარადგენს გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ, შესაძლოა ეს სია ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა დამატებითი ხარჯების მისაღებად უფრო გაზარდონ.
„ეს სოციალური შემწეობები, რომელიც რაღაც კაპიკებს წარმოადგენს, დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, როდესაც მათ იურიდიული პირები, კომპანიები, რომლებსაც ფლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბუნებრივია გაბერავენ საშტატო ნუსხას, ბევრად დიდ მოცულობას დასაქმებულებისა წარუდგენენ და მეტ თანხებს მიიღებენ ბიუჯეტიდან. მეორე მხარეც არის, შეიძლება არც აღრიცხოს ეს ნუსხა სრულყოფილად და ამით შეამცირონ გასაცემი დონაციების რაოდენობა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.