თიბისი ბანკის საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მოსამართლემ დაცვის მხარის მიმართვა დააკმაყოფილა და პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულებს, თბილისის საქალაქო სასამართლო მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს, და მედიასთან კომენტარი გააკეთეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქმე, რომელიც მის წინაარმდეგ განიხილება არის პოლიტიკურად მოტივირებული და პროკურატურამ ამ საქმის წარმოება უნდა შეწყვიტოს.
„ცხადია, რომ ჩვენ ველოდებით, რომ პროკურატურა გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც პასუხისმგებლიანმა პროკურატურამ უნდა გადადგას და შეწყვიტავს ამ საქმის წარმოებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსესუსს ეს შეეხება იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ ეს არის კონსესუსის ნაწილი, კონკრეტული შემთხვევების პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი არ არის გაწერილი ამ შეთანხმებაში, მაგრამ ეს გულისხმობს ამ პრინციპულ შეთანხმებას, რომელიც უნდა გადაითარგმნოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე თავიდანვე იყო ყველას ყურადღების ქვეშ რამდენადაც ეს არის პოლიტიკური დევნა, აქედან გამომდინარე თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია ჩვენი დევნა ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევა“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქმის პროკურორის განცხადებით, სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან ბრალდების მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
„სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან ბრალდების მოხსნა, ეს საკითხი არ განიცხილება ბრალდების მიერ, რაც შეეხება დოკუმენტს, სისხლის სამართლის კანონმდებლობა მსგავსი სახის დოკუმენტს არ ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ ამ დოკუმენტის საფუძველზე რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“,-განაცხადა სალომე ჩიქობავამ.
თიბისი ბანკის სასამართლო პროცესზე დღეს მოქალაქეების დასწრება შეზღუდული იყო, საქალაქო სასამართლოში პროცესს მხოლოდ მხარეები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზეზი კი არის კორონავირუსი, დღეიდან მსგავსი შეზღუდვები სხვა პროცესების შემთხვევაშიც გავრცელდება.