„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, თითოეულ ოჯახზე გამოყოს 1000-ლარიანი დახმარება. როგორც პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ოჯახები ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ და ხელისუფლება ვალდებულია, დაეხმაროს მის მოქალაქეებს. გრიგოლ ვაშაძემ, ასევე, მოუწოდა ბიზნესს, გააცნობიერონ მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება კრიზისის პერიოდში.
„სასიკვდილო ეპიდემიის აფეთქებად გადავრჩით. საჭიროა, რომ ხალხს ჰქონდეს ყველაფერი, რომ მოქალაქეობრივი ვალდებულება შეასრულონ. ჩანს, როგორ მუშაობენ პოლიციელები და სამხედროები აღჭურვილობის გარეშე. მწვავე პრობლემამ იჩინა თავი - პარალიზებული ტურიზმის გამო, ტაქსების გამო უამრავი მოქალაქე შიმშილობს. გვესმის, რომ თავი გაჰქონდათ ამ ადამიანებს კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე. თუ სახელმწიფო არ ჩაერევა, ეს ადამიანები ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე არიან - ვისაც პროდუქტი ჩამოჰქონდათ თბილისში გასაყიდად, ვინც ტურიზმში მუშაობდა. სხვადასხვა ციფრებია, მაგრამ მინიმალური არის 100 ათასი ოჯახი. ხელისუფლების ხელშია ეკონომიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური - უნდა განსაზღვრონ ვინაა დახმარების მოლოდინში. უნდა გამოიყოს თითოეულ ოჯახზე 1000 ლარი, რათა მათ რაიმენაირად თავი გაიტანონ. გვესმის, რა დღეშია ეკონომიკა, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. შეაჩერონ პრემიები, ბიუჯეტიდან მათ ბენზინზე ფულის ხარჯვა. სოლიდარობა ეხება ყველას, ქართულ ბიზნესსაც. კანონმდებლობით არ არის ბევრი რამ განსაზღვრული, მაგრამ ეს მოქალაქეობრივი ვალდებულებაა - თითქოს პანდემია არ ეხება ბიზნესს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მარნეული და ბოლნისი კარანტინშია მოქცეული. ეპიდსიტუაციის ფონზე რეკორდულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა.