ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს "თითქმის აღარ განიხილავს". ვაშინგტონში, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მელია ამის მიზეზებს განმარტავს:
[თბილისის მერობის კანდიდატობას] თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.
სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც", - თქვა მელიამ. მანვე დაამატა, რომ მთავარია, დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატები და სწორედ ამის ძიება მიმდინარეობს ახლა.
"2-3 კვირაში [კანდიდატებზე] გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ", - თქვა მან.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტია კანდიდატების დასახელებას ივლისში გეგმავს.
ოპოზიციის ნაწილი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატურას განიხილავს. მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს და მათი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა თავად იყოს.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ენმ-ის მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არჩევნებში მარცხის ფორმულაა.