logo
ENG



თოიძე: სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, ასე დარჩება, სანამ არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას

20 იან 202312:02
3 წუთის საკითხავი
 

ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და კიდევ დიდხანს დარჩება მძიმე, "სანამ ის არ მიიღებს ადეკვატური მკურნალობის საშუალებას".

თოიძის თქმით, სააკაშვილის ძირითადი დიაგნოზი ტრავმული რეგენერაციული ცვლილებებია, რომელიც შიმშილობისა და მკურნალობის არათანმიმდევრული პროცესის შედეგია.

"დღეს საუბარი იქნება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსზე, მის დინამიკაზე, მიმდინარე მკურნალობაზე, სიმპტომთა ევოლუციაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც გვაქვს დღესდღეობით. დიაგნოზები მრავლადაა, ისინი ჩამოთვლილი იქნება პროცესზე და ვფიქრობ, რომ დღეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი ბატონი პრეზიდენტის გათავისუფლების საქმეში. ძირითადი დიაგნოზი არის ტრავმული რეგენერაციული ცვლილებები, რომელსაც მისი ცენტრალური ნერვული სისტემა განიცდის. წარმოშობის მიზეზებად ჩვენ ვასახელებთ პირველ რიგში შიმშილობას და შემდგომ, მკურნალობის არათანმიმდევრულ პროცესს.

ბოლო ვიზიტი პაციენტთან განხორციელებული 2 თვის წინ. მისი მდგომარეობა სერიოზულად არის მძიმე, ვინაიდან პროგნოზული გამოსავალი არის ძალიან პესიმისტური მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით. ეს მდგომარეობა დარჩება ალბათ კიდევ დიდხანს მძიმე, სანამ არ მიიღებს ადეკვატური მკურნალობის საშუალებას", - ამბობს თოიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე ქართველ ექსპერტებს კითხავენ, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებს, რადგან "გუშინ ღამე გონება დაკარგა, დაეცა და ძალიან სუსტად გრძნობს თავს".

 

* * *

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა