logo
ENG



თოლორაია: დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება, არამედ, ყველა თანამშრომლის გაშვება

28 დეკ 202111:47
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით არამხოლოდ მათის ამსახური უქმდება, ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება. ლონდა თოლორაია დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ. 

"ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება და ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებპრიორიტეტია, ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, მე მექნება ჩემი კრიტიკული პოზიცია ამაზე.

კომიტეტების დროების შესახებაც ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი და ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად. ეს არ არის რეფორმა და ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება და ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ამ ფორმით დაიშალა სამსახური", - აცხადებს ლონდა თოლორაია.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა