logo
ENG



თოლორაია სააკაშვილს: გამოძიების დასრულებამდე მასალების გამოქვეყნებას სიფრთხილე სჭირდება

07 თებ 202217:36
3 წუთის საკითხავი
 
თოლორაია სააკაშვილს: გამოძიების დასრულებამდე მასალების გამოქვეყნებას სიფრთხილე სჭირდება

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გამოძიების მასალების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაზე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამას "განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება". კერძოდ, საქმე ეხება პატიმრის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს იძულებით, მისი უფლებების სრული დარღვევით მოხდა.

ინსპექტორის ცნობით, მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილებას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.

თოლორაია განმარტავს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით.

"გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული  მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი", - წერია ლონდა თოლორაიას განცხადებაში. 

დღესვე, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორს გამოაქვეყნოს ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით.

"მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს - ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა.

თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ.

დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან.

ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს - ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!" - აცხადებს სააკაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 9 ნოემბერს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეს იძიებს.

39-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა