logo
ENG



თორნიკე შენგელია - ცსკა-ში გადასვლა მეტ მოგებას და ჩვენი დროშის მეტ ფრიალს ნიშნავს

11 ივლ 202013:32
3 წუთის საკითხავი
clock 1754
cznx0rh9esav42m.jpg

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შენგელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ცსკა-ში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მიეცემა რაც მისი თქმით, "ქართული დროშის მეტ ფრიალს" ნიშნავს.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა!

დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.

რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე, როცა არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი, რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ქართული დროშა ამეფრიალებინა!

ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ, რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის, თუ ვინ ვარ მე”, - წერს შენგელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია. 

თავად შენგელია ამბობს, რომ ის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ “ცსკა”-სთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს. 

სპორტსმენის რუსულ გუნდში ტრანსფერს მისი მამაც გამოეხმაურა. კახა შენგელიას თქმით, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სასიხარულო და მოსალოცი ამბავია. 

გარდა ამისა, მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, თორნიკე შენგელია ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას. 


close დახურვა