საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, თუმცა ცსკა-ს მაისურით ვერ უქომაგებს.
„თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და როგორც სპორტსმენიც გამორჩეულია. მას ბასკონიაში თითქმის ისეთივე გულით ვქომაგობდი, როგორც ეროვნულ ნაკრებში თამაშისას. სამწუხაროდ, ცესკას მაისურით მას ვერ ვუქომაგებ, ბასკონიას წარმატება კი, მუდამ გამიხარდება“, - წერს იონათამიშვილი.
ცოტა ხნის წინ შენგელიას გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.