logo
ENG



თორნტონი: ხელისუფლება ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს, რაც დემოკრატიის უკუსვლაა

19 ნოე 202112:24
3 წუთის საკითხავი
 
თორნტონი: ხელისუფლება ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს, რაც დემოკრატიის უკუსვლაა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სახალხო დამცველის ინსტიტუტს ძირს უთხრის, რაც კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის.

„აქამდეც აღვნიშნე, რომ დამოუკიდებელი ორგანოების და ერთმანეთის შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ძალების არ არსებობა საქართველოს სისუსტეა. საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის ამ ინსტიტუტსა და ორგანულ კანონს, რაც დემოკრატიისთვის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია,“- წერს ლორა თორნტონი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ომბუდსმენის მიერ მოწვეულმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომბუდსმენის კონსილიუმი პოლიტიკურად მიკერძოებულია და მათი დასკვნა "ფეიკია". კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა, მათთვის საშიში სცენარი განვითარდეს, რასაც ომბუდსმენის და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობა" შეიძლება მოჰყვეს.

კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-იც. ორგანიზაცია სახალხო დამცველზე თავდასხმას "მიუღებელს უწოდებს" და საქართველოს ხელისუფლებას უფლებადამცველი ინსტიტუტების შეუფერხებლად მუშაობის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.  


close დახურვა