logo
ENG



თსუ-ის ლექტორები და სტუდენტები უნივერსიტეტბის გაერთიანებაზე რექტორისგან განმარტებას ითხოვენ

30 იან 202619:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/30/8keycrr5sscqz5a.png
TV პირველი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 600-მდე სტუდენტი და ლექტორი, თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით რექტორ ჯაბა სამუშიასგან განმარტებას ითხოვს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ თსუ-ის ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამოთქვამენ არა უბრალოდ ღრმა შეშფოთებას, არამედ სრულიად მტკიცე პროტესტს დაანონსებული გაერთიანების შესახებ თსუ-ს და სტუ-ს და მიიჩნევენ, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია არც სამართლებრივი და რაც მთავარია, არანაირი შინაარსობრივი ან კონცეპტუალური საფუძველი და ეს არის სრულიად ხელოვნური გაერთიანება, რომელიც არცერთ უმაღლეს სასწავლებელს, აკადემიური მიღწევის თვალსაზრისით, არ წაადგება.

ჩვენთვის უცნობია, რა არგუმენტების ან მოსაზრებების საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავწერეთ საპროტესტო განცხადება და ამ საპროტესტო განცხადებას ხელი მოაწერა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების 600-მა წევრმა. ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს დღეს დაიწყო სულ რამდენიმე საათის წინ, ასეულობით ხელმოწერა შეგროვდა და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

ამით ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ საფუძვლიანი და ღრმა პროტესტი ასეთი გაუაზრებელი, მოუფიქრებელი და მავნე გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ვნებს საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებას", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

29 იანვარს, ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ოცნების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ფარგლებში თქვა, რომ მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც უნივერსიტეტების სტუდენტების, ასევე ზოგირთი ლექტორისა და უნივესიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდანაც.


close დახურვა