თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები 10 ივნისს სტუდენტების პროტესტისას განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
თსუ-ს პროფესორები აცხადებენ, რომ 10 ივნისს განვითარებული მოვლენები აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შეუსაბამო და მიუღებელია.
პროფესორები ამბობენ, რომ გუშინდელი პროტესტისას უნივერსიტეტის თანამშრომლები დაშავდნენ. ისინი აცხადებენ, რომ გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას და მათი თქმით, მომხდარზე რეაგირება სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მოახდინონ.
უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებს პროტესტის კონსტრუქციულად გამოხატვისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო მოვლენებზე, მათ შორის სხვათა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც ეკისრებათ.
„აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი.
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.“
თსუ-ს პროფესორები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ უნივერსიტეტმა სტუდენტების მხარდასაჭერად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა:
- 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად;
- ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები;
- საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო.
პროფესორების თქმით, თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, უნივერსიტეტი მზადაა ამ სტუდენტებთან ერთად იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის არადისტანციურ რეჟიმში გაგრძელებასა და გამოცდების ფორმატს აპროტესტებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ.
„იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება” - წერია განცხადებაში.
***
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.
11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.
ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.