მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე თავდამსხმელები "შესაძლოა", ქართული ოცნების წარმომადგენლებიც იყვნენ, რადგან პარტია 42 000 წევრს აერთიანებს. აქვე, მისი ლექციის გასაპროტესტებლად მისულ სტუდენტებს "გირჩელებს" უწოდებს, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებმა უნივერსიტეტიდან "გააძევეს".
"რაც შეეხება, სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ისინი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც რამდენიმე გირჩელი გააძევეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან. რა თქმა უნდა, ფორმულა იყო სხვათა შორის... არა, სტუდენტებიც იყვნენ, შეიძლება, იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც.
მაგრამ მე ერთი რამ ასევე მინდა გითხრათ, ზოგადად, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არის სწორედ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ჩვენი პარტია, რომელიც აერთიანებს 42 000 წევრს.
საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევენ საერთაშორისო გამჭვირვალობა თავისი ასკაციანი სტაფით, ისფედი და ა.შ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში არის ჩვენი პარტია, თავისი 42 000 წევრით [...] პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა წარსულ 2012 წლამდე. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, არავის არ მივცემთ, რა თქმა უნდა, თსუ-ში პოლიტიკის შეტანის საშუალებას, ეს პრაქტიკა ჩაბარდა წარსულს", - აცხადებს კობახიძე.
17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძის ლექციის გაპროტესტებას აპირებდნენ, თავს დაესხნენ - მათ ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ თავდამსხმელები არა სტუდენტები, არამედ კობახიძის მიერ "მიყვანილი" პირები იყვნენ.
მოგვიანებით თსუ-ის ერთ-ერთი სტუდენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მასთან იარაღიანი პირი მივიდა და პირადი მონაცემები მოსთხოვა. შაბათის ფორმულამ მოახერხა თავდამსხმელების იდენტიფიცირება - მათი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.