თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რუსულ კანონის მიღებაზე უარი თქვას.
მათი თქმით, კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს.
განცხადება:
"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები, თვალს ვადევნებთ რა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, გვსურს გამოვეხმაუროთ მას:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს „უცხოური ძალისგან“ იღებენ.
#გვესმის, დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში;
#ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განუზომელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;
#ვიზიარებთ, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მწვავე გამოხმაურებას ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით;
#გვაშფოთებს, მსგავსი კანონების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, საბოლოოდ კი მთლიანი საზოგადოების, ჯანსაღი გამოხატვის შეზღუდვისთვის გამოყენების ნაცადი პრაქტიკა;
მიგვაჩნია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს; დაუშვებელია გამჭვირვალობის, როგორც თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება.
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და ერთადერთ არჩევნად ევროატლანტიკური სივრცე მიგვაჩნია, შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისას მიეცა ქვეყანას შესასრულებლად:
პირველი რეკომენდაცია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;
მეცხრე რეკომენდაცია: […] სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში".