logo
ENG



თსუ: ბუღაძე არ გაუთავისუფლებიათ, მან ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას

05 დეკ 202223:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/9pkpg0rbpc3swlx.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გია ბუღაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უნივერსიტეტის მტკიცებით, მათ შესთავაზეს ხელშეკრულება, რასაც ბუღაძემ თავად არ მოაწერა ხელი.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ.

მას, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ 5 კრედიტი"- ნათქვამია განცხადებაში.

გუა ბუღაძის თქმით, მას უნივერსიტეტში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ის ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი პოლიტიკურია.

"ძალიან ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში, თან ველაპარაკები ხელოვნებაზე და კულტურის პროცესებზე, ვფიქრობ, ჩემი ასეთი კონტრაქტის შეწყვეტა და არგაგრძელება ასე ჩუმად მოხდა იმიტომ, რომ მე არ ვარ ქოცი. არანაირად არ ვარ ქოცი, პირიქით, შინაგანად ვეწინააღმდეგები მათ დამანგრეველ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და აქედან გამომდინარე, პატარა სადამსჯელო [ღონისძიება] ჩაატარეს"- ამბობს ბუღაძე.


close დახურვა