logo
ENG



თსუ: პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა, თუ სამართალდარღვევა გამოვლინდა, ჩატარდება მოკვლევა

10 ივნ 202221:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/xfm9447majs87o8.png

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო დაწესებულებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სტუდენტების პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო.

როგორც თსუ-ის განცხადებაშია ნათქვამი, დაპირისპირებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ.

თსუ-ში ამბობენ, რომ თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

"სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს", - წერია განცხადებაში.

***

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.

11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.

ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.


close დახურვა